თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ტალინში, ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზე გავიდა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ესტონეთის დედაქალაქში 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით იმართება. მცირე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები სპორტსმენებს მოკლე პროგრამაში მათი გამოსვლების შედეგების მიხედვით გადაეცემათ. ტურნირის მთავარი მედლები ფიგურულ მოციგურავეებს თავისუფალი პროგრამის შედეგების მიხედვით გადაეცემათ.
მოკლე პროგრამისთვის გუბანოვამ 68,99 ქულა მიიღო. სპორტსმენი თავისუფალ პროგრამას 31 იანვარს იასპარეზებს.
რაც შეეხება ქართველ წყვილს - ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას, მოკლე პროგრამის შემდეგ მოციგურავეებმა 57,03 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავეს. წყვილი თავისუფალ პროგრამას 30 იანვარს შეასრულებს.
იმავე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში მოციგურავე ნიკა ეგაძე ჩაერთვება, 31 იანვარს კი ასპარეზობას დიანა დევისი და გლებ სმოლკინი დაიწყებენ.
2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის პირველი სპორტსმენია ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. 2024 წელს გუბანოვამ კონტინენტურ პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.