საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი კომისია: კობახიძე ერევანს ეწვევა

Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხუთშაბათს, 30 იანვარს ვიზიტით სომხეთს ეწვევა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რომლის დასრულების შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
უწყების ცნობით, ერევანში 30 იანვარს ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო, რიგით მე-13 სხდომა 2024 წლის იანვარში თბილისში ჩატარდა.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.