თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, კმაყოფილი იქნება, თუ საქართველოში დიდი ბომბი ჩამოვარდება და ქვეყანა აღარ იარსებებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის საბჭოს მიერ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ზურაბიშვილმა „უჩვეულო" უწოდა. მისი თქმით, დროა დაივიწყონ ძველი კანონები და საქართველოში ახალი არჩევნები დაინიშნოს.
„სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება, ალბათ, თუ დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ყოველ შემთხვევაში, მისი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იმის მანიშნებელია, რომ ყოველგვარი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, სუვერენიტეტს ნეგატიურად ეკიდება", - განაცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.
დეპუტატის თქმით, ის არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი და ასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც იღებს „გლობალური ომის პარტიისგან“, იგივე Deep state-სგან.
„მას დიდხანს აღარ მოუწევს ასეთი გადაწყვეტილებებით ან დამწუხრება ან გახარება, რადგანაც ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე იქნება ამერიკული პოლიტიკის შესაბამისი ეფექტი, მათ შორის, ევროპაზეც და ყველა კარგად შეიგნებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება არანაირად არ უშლის ხელს, არც ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციად და არც მათ დემოკრატიულ განვითარებას", - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები თავიდან ბოლომდე შეიძლება მას შემდეგ გადაიტვირთოს, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ გახდება ნათელი და ცხადი, რომ მისი ანტიქართული მოღვაწეობა დასრულდა.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების საპასუხოდ. ევროკავშირს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
საქართველო და დასავლეთი
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.