ევროინტეგრაციის გზა ლგბტ-პროპაგანდაზე გადის? დეპუტატი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე

დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გზა გაუმჭვირვალობასა და ლგბტ-პროპაგანდაზე გადის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების საპასუხოდ. ევროკავშირს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის სრულიად გაუგებარი და არაჯანსაღი გადაწყვეტილებაა. თურმე, გაუმჭვირვალობაზე და ლგბტ-პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა", - განაცხადა კირცხალიამ.
თუ ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს ორი კანონია, მაშინ, დეპუტატის თქმით, ამისთვის სანქციები საკმაოდ მისაღებია.
„დაველოდოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც საღია აზრი, გამჭვირვალობა და ოჯახური ღირებულებები აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.
„საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს", - ნათქვამია პრეს-რელიზში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ინიციატივა არის რეაგირება „საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ გააგრძელებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს".
ვის შეეხება გადაწყვეტილება?
საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისას, ნათქვამია პრეს-რელიზში.
საქართველო და დასავლეთი
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.