თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას უკვე სამი კომპანია უზრუნველყოფს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრესთან“ ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია - „მეტრო ჯორჯია” განახორციელებს.
სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.
„შემოგვიერთდა სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ჯორჯია“, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ბილეთები“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ.
კომპანია მგზავრებს უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას პირდება.
„მეტრო ჯორჯია”, სხვა კომპანიების მსგავსად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს.
კომპანია საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგ Metro-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს.
„მეტრო ჯორჯიას” ავტობუსები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „მეტრო ჯორჯიასთან” პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.
ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.