შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერზე, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
14 იანვრის ღამეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბათუმში სასტუმრო „შერატონის" ფოიეში თავს დაესხნენ. პარტიის წევრების განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
„ჯერჯერობით, დაუდგენელია მიზეზები, რატომ მოხდა თავდასხმა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ველოდებით შესაბამისი ორგანოებისგან შესაბამის ინფორმაციას," - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა არჩილ სამნიძემ.
„სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.