კურორტი გოდერძი ევროპის საუკეთესო სათხილამურო მიმართულებად დასახელდა

გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების რეიტინგი გამოაქვეყნა - სამთო კურორტი გოდერძი სიაში პირველ ადგილზეა.
გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, რომელიც ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. იგი აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან 100 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
European Best Destinations-ის მიერ დასახელებულ 12 საუკეთესო მიმართულებას შორის, საქართველოს კურორტთან ერთად საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო მიმართულები მოხვდნენ.
„თუ თქვენ ევროპაში საუკეთესო სათხილამურო თავგადასავლებს, ყველაზე ლამაზ სამთო ტრასებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და უბრალოდ ზამთრის არდადეგებზე გარანტირებულ თოვლს ეძებთ, მაშინ დაგეხმარებით. აღმოაჩინეთ აჭარის რეგიონში უმაღლესი ხარისხის კურორტი გოდერძი, რომელიც წელს ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე წინ დასახელდა. აქ აღმოაჩენთ ისტორიის შარმისა და თანამედროვე ინოვაციების ნაზავს“,- წერს სამოგზაურო პლატფორმა.
გამოცემა მკითხველს ინფორმაციას აწვდის აჭარის სამთო კურორტის უპირატესობების შესახებ. როგორც სტატიის ავტორი მიიჩევს, კურორტი გოდერძი ზამთრის სამოთხეა მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის. აჭარაში მდებარე კურორტი ევროპის მთავარი სამთო მიმართულებაა, რომელიც ზამთრის საუკეთესო თავგადასავლებს გთავაზობთ.
„კურორტის უნიკალური ალპური და სუბტროპიკული კლიმატის ნაზავი მაღალი ხარისხის თოვლს წარმოქმნის, რაც ნამდვილი სამოთხეა მოთხილამურეებისთვის. გოდერძი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სამთო საბაგიროებით, გონდოლებითა და ტრასებით გამოირჩევა. კურორტი მორგებულია როგორც დამწყებ, საოჯახო, ასევე პროფესიონალ მოთხილამურეებზე. გოდერძი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ზამთრის კურორტია“,- ნათქვამია სტატიაში.
გოდერძი ზღვის დონიდან 2.366 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. აქ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.
კურორტი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.