თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times-ი მკითხველს თბილისისა და საქართველოს მთიანი რეგიონების - სვანეთისა და ყაზბეგის მონახულებას ურჩევს.
სტატიის ავტორი მკითხველს შვებულების გატარების 50 ვარიანტს სთავაზობს – არკანზასიდან ზამბიამდე - „ხელოვნებიდან თავგადასავლებამდე“.
„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს", - წერს Financial Times-ი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანიები easyJet-ი და British Airways-ი დაიწყებენ.
„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით", - წერს ავტორი.
ავიაკომპანიამ თბილისისკენ ბოლო რეისი 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის.
EasyJet Airline Company Limited, უფრო ცნობილი როგორც easyJet.com — ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ბაზირებულია „ლუტონის“ აეროპორტში, რომელიც ამავე დასახელების ქალაქის გარეუბანში, ლონდონის ცენტრიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში მდებარეობს.