დეპუტატი: „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, სამართლებრივად უნდა გასამართლდეს

ბოჟაძის განცხადებით, ამ დრომდე „ნაცმოძრაობის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ თუ როგორი რეჟიმი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რათა მასსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას” შორის განსხვავება კარგად დაინახოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
დროებითი საგამოძიება კომისია, რომელიც შეისწავლის 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება, განაცხადა ადრე „ქართული ოცნების" აღამსრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატის განცხადებით, ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, მათ შორის იყო კოჰაბიტაცია.
„ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ნაცმოძრაობას დავასრულებდით და მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებდით, თუკი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად მათი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, სამართლებრივად გასამართლდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა”, რომელიც უმრავლესობის შემადგენლობიდან გასულია და საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, როგორც ოპოზიცია, ისე ჩაერთვება.
ბოჟაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში და ვინ უხელმძღვანელებს მას.
„კომისია თებერვალში შეიქმნება და მისი მუშაობის მთავარი მიმართულება იქნება 2008 წლის ომი, ადამიანის უფლებები, მედიასთან ურთიერთობა, ბიზნესის რეკეტი, ციხეებში არსებული მდგომარეობა”, - განაცხადა დეპუტატმა.
საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დაიწყებდა სამართლებრივ პროცედურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციების, მემკვიდრე-პარტიებისა და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით.
ამ პარტიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა არჩევნების შემდეგ კვლავ დაიწყეს საუბარი - საუბარია ოპოზიციაზე, რომელიც შევიდა პარლამენტში, მაგრამ უარს ამბობს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე.
გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. „ქართულ ოცნებაში“ ყველა ამ პარტიას უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთში საერთო პატრონების მქონე აგენტებს.
გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის" წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაარსებული პარტიებისგან შედგება.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ხერხემალი არის პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი „თიბისის“ დამფუძნებლების (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) მიერ შეიქმნა. პარტია „საქართველოსთვის“ კი „ქართული ოცნების“ ყოფილმა წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ დააარსა.
როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციის, კერძოდ, ამ ოთხი პარტიის წარმომადგენლები პასუხისმგებელი არიან იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდება.
საუბარია საპროტესტო ტალღაზე, რომელიც მას შემდეგ აგორდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენების გამო 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი მიეცა პასუხისგებაში. ამჯერად „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციების დასჯას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაამახსოვრა თავი მმართველობის უხეში მეთოდებით: ესაა ძალადობა, ბიზნესის რეკეტი, შანტაჟი და მუქარა.
საგამოძიებო კომისიის ფუნქციები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას თებერვლის პირველ სამშაბათს დაიწყებს.
მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, დღეს საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
დანაშაულებს შორისაა:
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველ სასესიო კვირაში.
კომისიის დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
სპეკულაციების გამოსარიცხად, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.