საქართველოში უკრაინიდან მოლდოვის გავლით ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ჩამოეტანათ - მედია

ასაფეთქებელი აღმოაჩინეს საგანში, რომელიც ფორმით სათამაშო მანქანას ჰგავდა
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. კიშინიოვის აეროპორტში საფოსტო გზავნილებს შორის აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინიდან იყო გაგზავნილი და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, იუწყება „რია ნოვოსტი“ მოლდოვის „პირველ ტელეარხზე“ დაყრდნობით.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, 7 იანვარს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საფოსტო გზავნილების გაფორმებისას სათამაშო მანქანის მსგავსი ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ კომპონენტებს შეიცავდა.
„საშიში ნივთი იყო მოთავსებული უკრაინიდან გამოგზავნილ ამანათში, და უნდა გაგზავნილიყო თბილისში. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ბარგის შემოწმებამ საფრთხე გამოავლინა“, - იტყობინება ტელეკომპანია წყაროებზე დაყრდნობით.
ამანათი თვითმფრინავში განთავსებამდე ამოიღეს.
ამის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, ობიექტი გააჩერეს სკანირების აპარატში. საჭირო გახდა ტექნიკურ-კრიმინალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის თანამშრომლების ჩარევა, რომლებმაც საეჭვო ობიექტის იდენტიფიცირება და განეიტრალება მოახდინეს“, - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.
ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალება უსაფრთხო პირობებში მოხდა ისე, რომ მგზავრებისა და აეროპორტის თანამშრომლების მუშაობას საფრთხე არ შეექმნა. უწყების ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა პროფესიონალიზმისა და ოპერატიული ჩარევის წყალობით.
სასაზღვრო პოლიცია იუწყება, რომ ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.