საქართველოში ყაზახეთის ახალი საპატიო საკონსულო გაიხსნა

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოში ყაზახეთის რიგით მეხუთე საპატიო საკონსულო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა, იუწყება ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საპატიო კონსულად ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ღვინის კომპანია ,,ასკანელი ძმების“ თანამფლობელი გოჩა ჩხაიძე დაინიშნა, რომელიც თავადაც გურიიდანაა.
საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ჩხაიძემ ორივე სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს ქართულ-ყაზახური ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
ბიზნესმენის გეგმებშია ახალი პროექტების განხორციელება, ბიზნეს-დელეგაციებისა და კულტურის მოღვაწეთა გაცვლითი ღონისძიებები, ასევე ძმური კავშირებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის დამყარება.
საქართველოში ყაზახეთის ელჩმა მალიკ მურზალინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ რეგიონში ყაზახეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ყაზახურ-ქართულ მხარეებს შორის მაღალი დონის ურთიერთობების არსებობის, კურსის გაგრძელების და გაძლიერების კიდევ ერთი დასტურია.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ოფიციალური თბილისი დაინტერესებულია ასტანასთან თანამშრომლობის გააქტიურებით, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
საკონსულოს გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.
დღეს ყაზახეთის ხუთი საპატიო საკონსულო ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ბათუმში, რუსთავში, ბორჯომში, გორსა და ოზურგეთში, მთავარი საკონსულო კი თბილისში ყაზახეთის საელჩოში მუშაობს.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნებმა 2017 წელს ამ კავშირის 25 წლისთავი აღნიშნეს.