რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით ახალი წლის დღეებში

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ახალი წლის ღამეს თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 33-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 20-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, იუწყება „პირველი არხი“.
რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან ჰოსპიტალიზებულია 20 ჰოსპიტალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
საქართველოს პარლამენტმა უკვე შემოიღო აკრძალვა გარკვეული სახის პიროტექნიკის შეძენა-მოხმარებაზე. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა ისჯება 1-დან 2,5 ათას ლარამდე ჯარიმით.
ნებადართული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენა და გამოყენება ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება.
გარდამავალი დებულებების თანახმად, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკის ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვა/ ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას.
კანონპროექტი გასული წლის 29 დეკემბერს, მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც მას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა და გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება.