2025 წელს რამდენით გაიზრდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება?

2025 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 185 მილიონი ლარით გაიზრდება
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 237 მილიონი ლარით გაიზრდება და 8 მილიარდ 800 მილიონს გადააჭარბებს, რაც უწყების მხარდაჭერის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
2024 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომლის ხარჯვითი ნაწილი 27 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
„ჯანდაცვის ხარჯები გაიზრდება 237 მილიონით და გადააჭარბებს 8 მილიარდ 800 მილიონს ლარს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერაა პაციენტებისთვის და მთლიანად ჯანდაცვის სექტორისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
კერძოდ, 2025 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 185 მილიონი ლარით გაიზრდება.
გარდა ამისა, 2025 წელს, 25%-ით გაიზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და 95 მილიონ ლარს შეადგენს.
„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ბავშვებზე ზრუნვას. 2024 წელს, დაახლოებით, 40 ათასი ბენეფიციარის საჭიროებებისთვის ბიუჯეტიდან 76 მლნ ლარი დაიხარჯა. მომდევნო წლის განმავლობაში კი, პრაქტიკულად იგივე რაოდენობის ბენეფიციართათვის დაგეგმილია 25%-იანი ზრდა და პროგრამის ბიუჯეტი იქნება 95 მილიონი ლარი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი იყო უპრეცედენტოდ დიდი. სამინისტრომ სრულად, 100%-ით შეასრულა დაგეგმილი ბიუჯეტი.
„სამინისტროს მიერ პრაქტიკულად სრულად 100% -ით შესრულდა ამოცანები, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულებაც მოხდა 100%ით. თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველებს გაწეული ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.