ცესკოს თავმჯდომარეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

„დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ უზრუნველყოფს.
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს 2025 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო დაცვა ექნებათ, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 26 დეკემბერის ბრძანებაში.
კალანდარიშვილის შემთხვევაში, მას გაუგრძელდა სახელმწიფო დაცვა, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დაენიშნა.
ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის 1 იანვრიდან, 1 ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.
ორივე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ უზრუნველყოფს.