თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს სამედიცინო პროცესების და პაციენტების უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიენიჭა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცენტრის მედპერსონალსა და თანამშრომლებს, აღნიშნული წარმატება მიულოცა. მან ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ეს არის დაწესებულება, რომელიც ნებისმიერ ამოცანას და გამოწვევას გაუმკლავდება და ღირსეულად ატარებს სახელს, რომელიც მას მიენიჭა - თენგიზ ცერცვაძის სახელს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
გერმანულმა აუდიტორებმა, ცენტრში ჩატარებული აუდიტის შედეგად, მაღალი შეფასება მისცეს მაღალტექნოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის მქონე თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰოსპიტლის მენეჯმენტს, პაციენტების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, კლინიკური რისკების და ხარისხის კონტროლის მართვას, ინფორმირებულობას და კომუნიკაციას, აგრეთვე – ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ჯანმო, NIH, აშშ CDC და სხვ.) მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ჯანდაცვით პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას და სხვა.
კლინიკა ატარებს გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის თენგიზ ცერცვაძის სახელს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ის უშუალოდ იყო ჩართული ამ შენობის მშენებლობის დაგეგმვაში, განხორციელებაში. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭა.
დღეს კლინიკაში დასაქმებულია 352 თანამშრომელი, მათ შორის 86 ექიმი და 71 ექთანი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად თენგიზ ცერცვაძე დაინიშნა.