თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა განიხილოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნების ჩატარების თაობაზე და, სადაც ეს შესაძლებელია, გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა.
OSCE/ODIHR-ის მისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საფუძველზე 28 რეკომენდაცია გამოაქვეყნა.
„მზად ვართ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირთან ერთად. არის რეკომენდაციები პრაქტიკასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი საკითხი ექვემდებარება განხილვას. სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ საკითხზე ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია გააჩნია, მაგრამ მთავრობა მზადაა გაითვალისწინოს დასაბუთებული შენიშვნები.
ეუთო/ოდირის ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში საარჩევნო პროცესების ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
საკვანძო რეკომენდაციები:
ხელისუფლებამ პროაქტიულად უნდა აღკვეთოს ამომრჩეველთა დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების მოსყიდვა, ძალადობა არჩევნების დროს
საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა საარჩევნო კომისიებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის დომინირების თავიდან აცილების მიზნით და მათი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;
პოლიტიკურ დაფინანსებაზე კონტროლის მკაცრი წესების შემუშავება;
სათანადო ზომების მიღება მედიის მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად;
საარჩევნო დავების დროს გამჭვირვალობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, გადახედოს საკანონმდებლო ბაზა და მიიღოს ზომები საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას.