თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველო გაასაჩივრებს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) გადაწყვეტილებას, შეუჩეროს რეგისტრაცია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაცია EQAR-ში შეჩერებულია, ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოჩნდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნება, ჯგუფი საქართველოს 2023 წლის ოქტომბერში ინსპექტირების მიზნით ეწვია. ამ ფონზე ქვეყანაში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შექმნას პრობლემები ქართული განათლებისა და დიპლომების საერთაშორისო აღიარების კუთხით.
„აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვგეგმავთ. ამისთვის, ჩვენს ორგანიზაციას 20-დღიანი ვადა აქვს. შემდეგ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. დაველოდებით სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს, რომლებსაც წარვუდგენთ, მოვითხოვთ EQAR-ისგან დამატებით შეფასებას“, - განაცხადა მარგიშვილმა.
მისი თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც EQAR-ის, ENQA-ს წარმომადგენლებს ჰქონდათ, გამოსწორებულია, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის ზაფხულში განხორციელდა, რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც ცენტრი მუშაობას აგრძელებს.
„აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს. რაც შეეხება ENQA-ს, ცენტრს ასოციაციის წევრობა არ შესჩერებია“, - განაცხადა მარგიშვილმა.
მისი თქმით, ქართული ცენტრი კვლავ ENQA-ს სრულფასოვანი წევრი ორგანიზაციაა.
„მათი პროცედურების მიხედვით, თუ მათი წევრი ორგანიზაცია რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, არ უწყვეტენ ასოციაციის წევრობას, დამატებით 2-წლიან ვადას აძლევენ რეკომენდაციებს გამოსასწორებლად და ასოციაციის წევრობის გასაგრძელებლად“, - განაცხადა მარგიშვილმა.
ამასთან მარგიშვილმა აღნიშნა, რომ EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების, დიპლომების აღიარებას არ უკავშირდება.