საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიხურა.
პარლამენტის რეგლამენტით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის ვადის დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მან დღეს შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის ოთხი კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კანდიდატებს შეუძლიათ, ორი კვირის განმავლობაში საკუთარი განცხადება წარადგინონ.
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.