თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის აღიარება იმისა, რომ დასავლეთი „ნაცმაიდანის“ მოწყობაში დაინტერესებული მხარეა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს „მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი შეათანხმა დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც 19 დეკემბერს თავის მხრივ დააწესა სანქციები გომელაურის და კიდევ სხვა ოთხი ძალოვანის წინააღმდეგ.
„ეს (სანქციების დაწესება - რედ.) არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდანი“, ეს მცდელობა იყო სანქციების ავტორების მხრიდან კოორდინირებული“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება „ნაცმაიდანს“ უწოდებს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქციებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. ხელისუფლება ოპოზიციას და მის უკან მდგარ ძალებს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასანქცირეს, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, საერთოდ არ დაუსანქცირებიათ.
ამასთან, როგორც უსამართლობის მაგალითი კობახიძემ გაიხსენა 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა, რა დროსაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე 4 კაცი მოკლეს, მაგრამ სანქციების არ დაწესებულა, ასევე 2019 წლის ივნისში მიტინგის დაშლა, როდესაც 7 ადამიანი დაშავდა. მან ასევე მაგალითის სახით მოიყვანა მიტინგების და საპროტესტო აქციების ძალისმიერი დაშლა საფრანგეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.
„არც იმ ქვეყნებში, და არც საქართველოში, თავის დროზე, 2011 წელს ან 2019 წელს, გახარიას ვგულისხმობ, არავინ დაუსანქცირებიათ“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გომელაურის უწყება დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროტესტო აქციების დაშლის დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. შსს-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციის მოქმედებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგის აღსადგენად მხოლოდ „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონის აშკარა დარღვევის შემდეგ იწყებოდა.
ბოლო საპროტესტო აქციების დროს, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წლევანდელი საგაზაფხულო საპროტესტო აქციების დროს დაშავდა უსაფრთხოების ათი თანამშრომელი, რომელთაგან ერთს ოპერაცია დასჭირდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებმა პოლიციის მოქმედებების კანონიერების შესახებ დასავლური ქვეყნები ვერ დაარწმუნა. გომელაურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ჩინოსნების მიმართ ამოქმედდა პერსონალური სანქციები, მათ შორის ქვეყნებში შესვლის აკრძალვა და აქტივების გაყინვა. საუბარია უკრაინაზე, დიდ ბრიტანეთზე, აშშ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.