გურჯაანის შემოვლით გზაზე განათებები დამონტაჟდა

გარე განათების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე- გურჯაანი(ასაქცევი)-ჩუმლაყის საავტომობილო გზაზე გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები დასრულდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
პროექტის ფარგლებში, გურჯაანის შემოვლითი გზის 15,1 კმ-იან მონაკვეთზე დამონტაჟდა 433 ერთეული საყრდენი ელექტრო ბოძი და 461 ერთეული ლედ სანათი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1.839.384 ლარი შეადგინა.
„გარე განათების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი)
გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.