ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო რეალიზაცია: სასამართლოს განაჩენი ცნობილია

ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. მილიონი ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული საშუალებების დახლს ქვემოთ გაყიდვის საქმეზე დაკავებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა აღნიშნულ ქონებას თავად ფლობდნენ და განაგებდნენ.
ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო იურიდიულ პირს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, იურიდიულ პირს კი სასამართლომ სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.