პრემიერი: „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს ახდენა არ უწერია

სიტუაციის გამწვავება ვერ მოხერხდა და საპროტესტო აქციები როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ მშვიდობიანად ჩატარდა, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს საქართველოში არეულობისა და საპროტესტო აქციებზე მსხვერპლის შესახებ ახდენა არ უწერია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„მაკკეინის ინსტიტუტის" მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა. დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის "~„ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება".

„ღმერთს მადლობა, ყველაფერი არამარტო მსხვერპლის, არამედ სერიოზული გართულებების გარეშე დასრულდა. „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს ახდენა არ უწერია", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დემონსტრანტებს და მათ უკან მდგომ პირებს თავიდან საპროტესტო აქციებზე მსხვერპლზე ჰქონდათ გათვლა.
„მათ, როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ გათვლა მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ ხუთ დღეში შეძლო დაპირისპირებოდა სისტემურ და უხეშ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
უკვე 10 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად აწევას და საქართველოში სიტუაციის იმდენად გამწვავებას, რომ ამას მოჰყვეს მსხვერპლი და 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა. სუს-ის მონაცემებით, ადამიანების სიკვიდილის ფაქტით იგეგმება თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დაგდებული მუხტის აწევა.
სიტუაციის გამწვავება ვერ მოხერხდა და საპროტესტო აქციები როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ მშვიდობიანად ჩატარდა.
4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.