რამდენი სკოლაა საქართველოში? მონაცემები განახლდა

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს სკოლებში მუშაობდა 66 ათასზე მეტი პედაგოგი - გასულ წელთან შედარებით 3,7%-ით მეტი.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობამ 2.294 შეადგინა - წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველოში 2086 საჯარო და 208 კერძო სკოლაა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკოლა მდებარეობს (17,1%) იმერეთში. თუმცა, მოსწავლეთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი - 35,8%.
2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში დაახლოებით 640,7 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია. მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 48,3% გოგო, 51,7% კი ბიჭია.
საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სწავლობს მოსწავლეთა 89%, კერძო სკოლებში კი 11%.
2024 წელს სკოლა დაამთავრა 41,7 ათასმა ახალგაზრდამ, რაც გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით 11,8%-ით ნაკლებია.
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს სკოლებში მუშაობდა 66 ათასზე მეტი პედაგოგი - გასულ წელთან შედარებით 3,7%-ით მეტი. პედაგოგების უმეტესობა ქალია - 87,5%, მამაკაცების რაოდენობა კი 12,5%-ს შეადგენს.