თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე უნგრეთმა, სლოვაკეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვეს და მხარდამჭერი პოზიციები დააფიქსრეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი და სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ საკითხი უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. ამასთან, სხდომის შედეგების თანახმად მიღწეულ იქნა შეთანხმება ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ინფორმაცია ხუთი ქვეყნის შესახებ და არ გამორიცხა, რომ სანქციების მოწინააღმდეგე ქვეყნების სია კიდევ უფრო ფართო იყოს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც საბჭომ გასცა, არის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც სერიოზული პრობლემაა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს დგას ევროპა და ევროკავშირი: პოლიტიკური კრიზისი მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში - საფრანგეთსა და გერმანიაში, აღნიშნა პრემიერმა.
„როდესაც ასეთ დროს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები პოულობენ დროს დააშანტაჟონ საქართველო და უკვე ჩავარდნილ „მაიდანს" მხარი დაუჭირონ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია“, - განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, აშკარა გახდა, რომ ამ შანტაჟს ძალა არ აქვს, რასაც ხელი შეუწყო ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მხრიდან შანტაჟის პრაქტიკა საბოლოოდ დასრულდება", - განაცხადა კობახიძემ.
ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დიდი ხანია საჭიროებს გადატვირთვას და ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
გასულ წელს საქართველომ სტატუსთან ერთად მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.