ფიცო: საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხი - წითელი ხაზია სლოვაკეთისთვის

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების საშუალებით საქართველოს საგარეო საქმეებში ჩარევა სლოვაკეთისთვის წითელი ხაზია, განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრის შეჯამებისას.
16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი და სანქციების დაწესების შესაძლებლობა. უნგრეთმა და სლოვაკეთმა ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ვეტო დაადეს. ევროკავშირის წესების თანახმად, ყველა სანქცია მოითხოვს გაერთიანების ყველა წევრი-ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას.
„ჩვენი მოწოდებაა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ობიექტურად შეფასდეს. სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს“, - განაცხადა ფიცომ.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ევროკავშირის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „არ შეიძლება სანქციები დაუწესო ქვეყანას იმის გამო, რომ მან უბრალოდ გადაწყვიტა გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე".
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, „ბრიუსელში არავის აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება", რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე აირჩია „კონსერვატიული, მშვიდობის მომხრე, პატრიოტული" პარტია და არა ლიბერალური ძალები, რომლის უკანაც ბრიუსელი დგას.
„საქართველოს საკითხში ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა", - აღნიშნა სიიარტომ და დასძინა, რომ „არანაირად არ უჭერდა მხარს“ სხდომაზე გამეფებულ „ამპარტავნულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ“.
სიიარტომ, ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილზე დაყრდნობით, რომელიც ბუდაპეშტში პირველი უცხოური ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ თბილისში საპროტესტო აქციებზე 40-მდე პოლიციელი დაშავდა. უნგრელმა დიპლომატმა ცალმხრივი უწოდა თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ცნობებს. აქციის მონაწილეებს შორის „იყვნენ აგრესიული ელემენტებიც", დასძინა მან.
თავის მხრივ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც. თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
გასულ წელს საქართველომ სტატუსთან ერთად მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.