კობახიძე: მადლობა თითოეულ პოლიციელს, მათ შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის“ ჩაშლა

ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე მოაწყოს „მაიდანი“ მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ძალოვან სტრუქტების წარმომადგენლებს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ შეძლეს საქართველოში „მაიდნის“ ჩაშლა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება. იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, რომლის რეალიზებაშიც უცხოური დაფინანსება იყო ჩართული, დასძინა მან.
კობახიძის თქმით, ამ პროცესების სწორად მართვაში თითოეული პოლიციელის როლი იყო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. მან პოლიციელებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკრეტულად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა შეძლეს ამ ქვეყანაში „მაიდნის“ ჩაშლა. მათი წვლილი ამ ყველაფერში არის განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, მათ შორის, გდდ-ს თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში.

როგორც ადრე კობახიძემ აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში საზოგადოებამ 3 რევოლუციური პროცესი იხილა, რომლებიც, სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით ხდებოდა.
პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე მოაწყოს „მაიდანი“ მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის 30-ზე მეტი პირია მიცემული პასუხისგებაში, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 372 პირი.
როგორც ადრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.