თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა სახმელეთო საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიხატა ახალი სისტემების დანერგვასა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაში, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ გატარებულ ზომები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ გააგრძელა ურყევი ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და დარჩა აშშ-ის ძლიერ პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში.
„ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24/7-ზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით", - ნათქვამია განცხადებაში.
ანგარიშში ასევე პოზიტიურადაა შეფასებული სასაზღვრო პოლიციის მიერ ახალი მობილური დაკვირვების სისტემის დანერგვა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და ხელი შეუწყო მწვანე საზღვარზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფმა, ოპერატიული პარტნიორის რანგში კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ საზღვაო ანტიტერორისტულ ოპერაციაში - „ზღვის მცველი“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დასრულდა 2023-2027 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გაეროს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, რომლის მიზანია ტერორისტული დანაშაულებისა და მათთან დაკავშირებული გადაადგილების თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის მონაცემების გამოყენებით.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, რაც მოიცავს მოპარულ და დაკარგულ სამგზავრო დოკუმენტებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით
სახდეპარტამენტის ანგარიში დადებითად შეაფასეს საქართველოს პროკურატურაშიც.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად აფასებს და ამ კუთხით აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის როლიც", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის „ეგმონტ ჯგუფის/; (Egmont Group) წევრი.
დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამაში, რომელსაც 2022 წლის ბოლოს შეუერთდა.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე.
როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, 2023 წელს „ტერორიზმის" მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 12 პირის მიმართ.
იმავე წელს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 327-ე მუხლებით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება" და „ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა") გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 10 პირის მიმართ.