თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ ივნისამდე გადაიდო.
წესი, რომლის თანახმადაც ყველა გიდი ვალდებული იყო დარეგისტირებულიყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რის გარეშეც მისი მუშაობა 500 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარეობდა, ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო.
ამასთან, საქართველოში გიდად მუშაობის მსურველ უცხოელებს რეგისტრაცია სპეციალური წესებით უნდა გაევლოთ.
კანონის ამოქმედების გადავადების მიზეზად დასახელდა მეტი დროისა და რესურსის საჭიროება, რათა მოხდეს სექტორის სრულყოფილად ინფორმირება, მომზადება და მიდგომების შეჯერება.
ივნისამდე გადავადდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შემუშავება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ამოქმედებულიყო.
კერძოდ, მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.