საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Air China-მ დაიწყო

ავიაკომპანია China Southern-ის შემდეგ მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის უმსხვილესმა სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA-მ გასულ ღამეს ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა და საქართველოში 98 მგზავრი ჩამოიყვანა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების განცხადებაში.
გაერთიანების ცნობით, რეისი BOENG 737-800-მა შეასრულა - თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. კომპანია TAV Georgia-ს ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის დახვედრა გაიმართა.
„ამ ეტაპზე ფრენები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება, ხოლო მოთხოვნის მატების გათვალისწინებით, ავიაკომპანია მზადაა გაზარდოს ოპერირების სიხშირე. ავიაკომპანია ასევე განიხილავს ჩინეთსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასაც", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ვაკო ჭილაშვილმა.
მისი თქმით, Air China, ავიაკომპანია China Southern-ის შემდეგ მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს.
Star Alliance-ის წევრი, 1955 წელს დაარსებული AIR CHINA ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.
ამ დრომდე საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებდა. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.
2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა.
2024 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 66,5 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).