კალასი: შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის ქართველი მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე იმსჯელეს.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. შევთანხმდით ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, დამატებითი სანქციებისთვის კი 27-ვე წევრის თანხმობა სამწუხაროდ არ გვაქვს, განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
გასულ კვირაში ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში პროგრესის არარსებობის ან შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა „გარკვეული კატეგორიის პირთათვის“.
მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, აშკარად სანქციებს მოითხოვს. მისი თქმით, სანქციების მომზადებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და არ გამორიცხა, რომ მონაცემები 16 დეკემბერს იქნებოდა წარდგენილი.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე იმსჯელეს.
ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. თუმცა, ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე. ევროკომისია წინადადებას წელსვე წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან", - განაცხადა კალასმა.
როგორც კალასმა აღნიშნა, რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ამასთან დაკავშირებით 27-ვე წევრი ქვეყნის თანხობაა საჭირო და „სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ“. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა უნგრეთი და სლოვაკეთი.
„დისკუსია ძალიან ინტენსიური იყო. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის თანხმობა და სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც“, - განაცხადა კაია კალასმა.
კალასის თქმით, ქართველი ხალხის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
ბრიუსელში საქართველოს შესახებ 17 დეკემბერსაც იმსჯელებენ - ევროკავშირის ზოგადი საკითხების საბჭო განიხილავს გაფართოების ანგარიშის შეჯამებას, სადაც საუბარი იქნება საქართველოზე.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.