მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს

მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნებში გამარჯვების გამო სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერებისგან მილოცვები მიიღო.
14 დეკემბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა - პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
ყაველაშვილს ერთ-ერთმა პირველმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალიევი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კიდევ უფრო გააძლიერდება და გაფართოვდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას... დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნების და ხალხების კეთილდღეობას, ჩვენი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ მილოცვაში ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების იმედი გამოთქვა.
„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან როლში“, - ნათქვამია ფაშინიანის მისალოც წერილში.
მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებულ განხორციელებას და ახალ მიღწევებს თქვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია ლუკაშენკოს მისალოც წერილში.
მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩიც ულოცავს და მას სერბეთში იწვევს, „რაც დამატებით იმპულსს შექმნის საერთო ურთიერთობების გასაძლიერებლად“.
„დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებთ თქვენ მიმართ გამოვლენილ ნდობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ კეთილდღეობისადმი დაუღალავი ერთგულებით. იმ დროს, როდესაც მსოფლიო მრავალი რთული გამოწვევის წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყნის ლიდერი მოწოდებული იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობაზე“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩევა ქვეყანაში პოლარიზაციის დონეს შეამცირებს და საქართველოს ეყოლება პატრიოტი პრეზიდენტი.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირი შეკრების უცვლელი ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.