თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად გაყოფას, რაც საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობას 11-დან 12-მდე გაზრდის.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროების დაყოფა გამოწვეულია მთავრობის განსაკუთრებული ყურადღებით სპორტის განვითარებაზე და ცალკე სპორტის სამინისტროს შექმნა ყურადღების კიდევ ერთი გამოვლინება იქნება.
სამინისტროების გაყოფის შემდეგ, კულტურის სამინისტროს კვლავ თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს, სპორტის მინისტრი კი, პრემიერის თქმით, შალვა გოგოლაძე იქნება, რომელიც ამჟამად რუხაძის მოადგილეა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
რეორგანიზაციის პროცესი 2025 წლის 1 იანვრამდე დასრულდება. პარლამენტის მიერ 10 დეკემბერს მიღებული 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროების გაყოფა უკვე გათვალისწინებულია.
ამრიგად, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 297,6 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც თანხა კულტურული ფასეულობების დაცვასა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სტიპენდიებსა და დახმარებას მოხმარდება.
რაც შეეხება სპორტის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 298,4 მლნ ლარი იქნება, თანხა კი სპორტის განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სპორტული დაწესებულებების მხარდაჭერას მოხმარდება.