საქართველოში მესამე ძალის ჩარევა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს: თურქეთის მთავარი დიპლომატი

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა რეგიონში მყიფე ბალანსის არსებობა, განაცხადა ჰაკანმა
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე პროცესებში მესამე ძალების ჩარევამ შესაძლოა 2025 წელს დაძაბულობა გაზარდოს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოავლინა რეგიონში მყიფე ბალანსის არსებობა. მესამე მხარის ჩართულობამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს საქართველოში განვითარებული მოვლენები“, - განაცხადა მინისტრმა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან აქციებმა მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. ამას წინ უძღოდა ჩხრეკები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში, საიდანაც დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები, მოლოტოვის კოქტეილები, კომპიუტერები და სხვა ნივთები ამოიღეს.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.