თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, იუწყება შსს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. პოლიციამ გ.ხ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციები
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანის - ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასტიკი მოპყრობა დაფიქსირდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.