თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელმაც უნივერსიტეტის მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩააგდო, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა ყოველგვარი საბაბისა და მოტივის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის 36 წლის ბექა მინდორაშვილია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.