თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და, შესაძლოა, მომავალ წლამდე ვერ ითამაშოს, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ქართველმა ფეხბურთელმა კვირას „ლაციოსთან" მატჩში მუხლი დაიზიანა. სამედიცინო გამოკვლევამ ტრავმა დაადასტურა. სარეაბილიტაციო პროცესი დაწყებულია.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს მოუწევს 23 წლის ქართველ თავდამსხმელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.
იტალიური მედია წერს, რომ კვარაცხელიასთვის 2024 წლის სათამაშო წელი დიდი ალბათობით დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, კვარაცხელია დეკემბერში „უდინეზესა" და „ჯენოას" წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებს გამოტოვებს.
2025 წელს „ნაპოლი" სეზონს 4 იანვარს „ფიორენტინასთან" და 12 იანვარს „ვერონასთან" მატჩით გააგრძელებს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.