თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში გამართულ გამოფენაზე HORECA EXPO ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიa FLOW SRL-ის ორგანიზებით გაიმართა.
„ქართული ღვინო წარდგენილი იყო გამოფენის Chef’s Place ნაწილში, სადაც თავს იყრიან ტოპშეფები, სომელიეები, ბლოგერები და ჟურნალისტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სამი კომპანიის 10-მდე ღვინო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
HORECA EXPO სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ინდუსტრიის უდიდესი გამოფენაა. გამოფენა ასევე მოიცავს ვორქშოფებს, კულინარიის კონკურსებს და სემინარებს. სააგენტოს ცნობით, HORECA EXPO-ს ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.