თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის იანვარი-ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,1%-ით გაიზარდა და 11,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
2024 წლის ათ თვეში საქართველოში გამომუშავებულია 12,3 მილიარდი კვტ/სთ - 0,7%-ით მეტი 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,2 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,1 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 66,27 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 28,7%-ით და გასული წლი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი თურქეთზე მოდის 864,87 მლნ კვტ/სთ - მთლიანი ექსპორტის 82,6%.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა აზერბაიჯანში - 43,24 მლნ კვტ/სთ, სომხეთში – 137,43 მლნ კვტ/სთ და რუსეთში - 1,26 მლნ კვტ/სთ.
გარდა ამისა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12%-ით მეტი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 91,1% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 613,36 მლნ კვტ/სთ, 8,5% აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 57,25 მლნ კვტ/სთ, ხოლო 0,4% სომხეთიდან - 2,49 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.