თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 21 ნოემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).