თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. იტალიაში მკვლელობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე თურქეთში დააკავეს და იტალიას გადასცეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მაკა ქათიბაშვილი 2012 წლიდან იტალიის ქალაქ ბარში საქართველოს მოქალაქის, ე.წ კანონიერი ქურდის, რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. მას იტალიის სასამართლომ მკვლელობისთვის 21 წელი შეუფარდა და 100 ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭურაძეს ქალაქ ბარში ამანათების გადამზიდავი ფირმა ჰქონდა გახსნილი, 2012 წლის 9 იანვარს იგი მოროს მოედანზე, საკთარი ოფისის წინ მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს.
მკვლელობა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული იტალიისა და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით დააკავეს.
იტალიის პოლიციის განცხადების თანახმად, ქათიბაშვილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაფიოზურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კერძოდ „კანონიერი ქურდების" ერთ-ერთ კლანთან.