დეპუტატი: საპროტესტო აქციებზე ნიღბიანი პირები მავნებლობით ვეღარ დაკავდებიან

გორდულაძის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კანონს, რომლის თანახმადაც, შეკრებაზე შეკრების მონაწილეებისთვის აიკრძალება სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, რათა აღიკვეთოს საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინიციატივა მას შემდეგ გააჟღერა, რაც 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული. მმართველ პარტიაში ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმეს და მომხდარს პროვოკაცია უწოდეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„ნებისმიერ აქციის მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გამოხატოს თავისი აზრი მშვიდ გარემოში. ამასთან, კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც კარგად არიან ორგანიზებული, აღარ ექნებათ შესაძლებლობა ნიღბებს ამოეფარონ და განახორციელონ თავიანთი მავნე და მერკანტილური ზრახვები“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, საქართველოში მიღებული კანონმდებლობა იქნება იმის ანალოგი, რაც მოქმედებს სხვა ბევრ ქვეყანაში.
კანონის მიღება, რომლითაც აიკრძალება საპროტესტო აქციებზე შეკრების მონაწილეთა მიერ სახის დაფარვა, 2024 წლის ბოლომდე იგეგმება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი იშვიათად იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
შსს-ს ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.