შსს: საპროტესტო აქციებზე ძალადობაში ბრალდებულები დაისჯებიან

უწყება მხარს უჭერს პრემიერ კობახიძის ინიციატივას შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვას, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობის ყველა ფორმას, რომელიც განხორციელდა თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე, დამრღვევები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობის ყველა ფორმას და თითოეული უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დამრღვევი დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა პროფილური უწყებები საპროტესტო აქციებზე მომხდარ ძალადობის თითოეულ ფაქტს იძიებენ.
„ძალადობის თითოეულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება როგორც შსს-ში, ისე პროფილურ უწყებებში, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავეების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, როცა საპროტესტო აქცია კანონით დადგენილი მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში გაიმართა და ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პოლიციას კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენება არ მოუწია.
ამასთან, შსს-ს მინისტრის მოადგილის თქმით, საზოგადოებამ იხილა აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი, დაზიანდა როგორც კერძო პირების, ისე სახელმწიფოს კუთვნილი ინფრასტრუქტურა, საქართველოს პარლამენტის შენობა. დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები.
„რუსთაველის გამზირზე მდებარე „სვაროვსკის“ მაღაზიაში ყაჩაღობა მოხდა, საიდანაც ძვირადღირებული ნივთები ნიღბიანმა, შავებში ჩაცმულმა და დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გაიტაცა, ასევე დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი", - განაცხადა დარახველიძემ.
კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
„საპროტესტო აქციების დროს აგრესიული ჯგუფების მხრიდან თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაჭრილ პოლიციელს დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ბევრ მათგანს კი ქირურგიული ჩარევაც. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში", - განაცხადა დარახველიძემ.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
„დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება“, – განაცხადა დარახველიძემ.
გარდა ამისა, შსს მხარს უჭერს პრემიერ კობახიძის ინიციატივას შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვას, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თბილისში მომიტინგეების მხრიდან ძალადობის მთავარი ფაქტორი დაუსჯელობის განცდაა, რადგან მათ შეუძლიათ სახის დამალვა, რაც ხელს უშლის მათ იდენტიფიცირებას.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს, დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა“, – განაცხადა დარახველიძემ.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტშია და ისინი აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გახსნას მოლაპარაკებები, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.
არც წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერები, არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და არც აშშ საელჩო არ ეთანხმებიან ქვეყნის ხელმძღვანელობის არგუმენტებს. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა.
პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უწოდებს საბოლოო მტკიცებულებას, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალეს. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს, რადგან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.