საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა

პატიმართა რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია ამნისტიასთან
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი ნოემბრისთვის საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 9.494 ადამიანი შეადგინა, რაც 963 ადამიანით ნაკლებია 1-ელის ოქტომბრის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა. 1-ელი სექტემბრისთვის საქართველოს ციხეებში 10.523 პატიმარი იმყოფებოდა, 1-ელი ოქტომბრისთვის - 10.457.
პატიმართა რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია ამნისტიასთან, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში საპატიმრო 798-მა პირმა დატოვა.
1-ელი ნოემბრისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. ამასთან, დაახლოებით 3,6 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
მსჯავრდებულები - სტატისტიკა
1-ელი ნოემბრისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 84,8%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 19,3%.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 38 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 57 პირი.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი ნოემბრისთვის მათი რიცხვი 1,8 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 28 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 11 პირი.
საქართველოში მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის. ძირითადი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 226 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1-ელი ნოემბრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 52 ქვეყნის 995 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 10,05%-ს შეადგენს. ამასთან 344 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 98 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, დაახლოებით 23,1 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1 ათასზე მეტი ქალი და 188 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 520 უცხოელი 36 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.