საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრება - ევროკომისიის ანგარიში

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირმა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე და ვიზალიბერალიზაციის კუთხით არშესრულების ან პროგრესის არ არსებობის გამო, შესაძლოა შეაჩეროს უვიზო რეჟიმი საქართველოს „გარკვეული კატეგორიის პირებისთვის“, ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
„საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიის პირობები
იმისათვის, რომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება და მისი შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან აცილება, საქართველომ უნდა განახორციელოს შემდგომი გადაუდებელი მოქმედებები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აღნიშნულია ანგარიშში. კერძოდ, საჭიროა შემდეგი საკითხების მოგვარება:
1.
უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
2.
გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ცვლილებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული პატივისცემა.
3.
საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან.
4.
გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით.
5.
შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის საკითხებში.
6.
მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები გამოყოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, სასამართლო დევნასა და განაჩენის გამოტანას.
7.
ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ის, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს ეხება.
8.
მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვა გახდა რეზონანსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
კანონი მიიღეს მასობრივი საპროტესტო აქციების და დასავლეთის მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, რომ მსგავსი კანონმდებლობა არ შეესაბამება დასავლურ ღირებულებებს. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში.
2024 წლის 28 ნოემბერს კი საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე ამოიღოს დღის წესრიგიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რადგან, მათი თქმით, ეს საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო აღარ არის დაინტერესებული შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზას მიჰყვეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამას ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და კიდევ უფრო გააქტიურებს ძალისხმევას 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში შესვლის უზრუნველსაყოფად.