როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა

თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,4%-ით ზრდის ხარჯზე.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ოქტომბერში, მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, 0,8%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,4%-ით ზრდის ხარჯზე.
2024 წლის ოქტომბერში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6,8%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 31,5%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.