რამდენი ადამიანი დაშავდა აქციაზე გასულ ღამეს - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

აქციის მონაწილეებს დახმარება ადგილზეც აღმოუჩინეს და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. 6 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა საპროტესტო აქციებიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 9 ადამიანი, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
უწყების ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან.
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
პარასკევს საღამოს რუსთაველის გამზირზე, რიგით მეცხრე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადამიანები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების შესახებ. პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ყველაზე აქტიურებმა პოლიციას ქვები და ფეიერვერკი ესროლეს.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.