აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas Georgia საქართველოს რეგიონებში გაზსადენებს შეიძენს

საუბარია იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სოფლებში არსებული 41 გაზსადენის პრივატიზაციაზე.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
საუბარია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ გაზსადენებზე, რომლებსაც აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas Georgia 19,8 მლნ ლარად შეიძენს. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
ამჟამად „სოკარი“ არის როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელი საქართველოში.
საუბარია იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სოფლებში არსებული 41 გაზსადენის პრივატიზაციაზე.
პროცესი 17 წელზეა გათვლილი, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსთვის გადახდები 2032 წლიდან დაიწყება. კომპანია 10 წლის განმავლობაში წელიწადში თითქმის ორ მილიონ ლარს გადაიხდის.
„სოკარის“ შვილობილი კომპანიები დაკავებულნი არიან ქვეყანაში გაზგამანაწილებელი სისტემების გაფართოებითა და მოდერნიზებით, ავითარებენ „სოკარის“ ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ასევე ფლობენ ნავთობტერმინალს შავ ზღვაზე ყულევის პორტში, რომლის მეშვეობითაც ხდება აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მსოფლიო ბაზრებზე.