პუტინი ბელარუსში „ორეშნიკის“ განთავსებას დათანხმდა

Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თხოვნას, განათავსოს უახლესი რუსული სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ ბელარუსის ტერიტორიაზე.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ყველა არსებული ძალისა და საშუალებების გამოყენებით, მიმაჩნია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისეთი კომპლექსების განთავსება, როგორიც არის „ორეშნიკი“, შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს მომავალი წლის მეორე ნახევარში მოხერხდება“, — აღნიშნა პუტინმა.
ლუკაშენკომ „ორეშნიკის“ ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება მინსკში საკავშირო სახელმწიფოს უზენაესი საბჭოს სხდომის შემდეგ მოითხოვა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მიერ კომპლექსის გამოცდამ „გარკვეული ზემოქმედება მოახდინა“ ყოფილ პარტნიორებზე, რომლებიც ახლა მოწინააღმდეგეებად იქცნენ, სისტემის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება „დაამშვიდებს“ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბელარუსის წინააღმდეგ საომრად არიან მზად.
როგორც რუსული მედია წერს, ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისა და გერმანიის გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც გერმანიაში საშუალო და მცირე რადიუსის ამერიკული რაკეტები უნდა განლაგდეს.