თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქვემო ქართლში თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 41 წლის მამაკაცი ერთხმად ცნო დამნაშავედ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 22 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით 36 წლის თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა.