თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „მოქალაქეებისა" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელ ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისთვის 4 დეკემბერს დააკავეს. როგორც ელისაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, პოლიციელების მხრიდან პოლიტიკოსის დაკავებისას განხორციელდა არაპროპორციული ძალა - მას სახისა და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები.
შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისის ცენტრში მოხდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ელისაშვილი ბაბაევს, მამაკაცები ემოციურად საუბარს იწყებენ, შემდეგ კი ოპოზიციონერი ფიზიკურ ძალას მიმართავს.
ელისაშვილის დაცვის მხარემ მოსამართლეს 3000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მან ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მას ბრალდება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. იგი „ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ შევიდა.
აღნიშნულმა კოალიციამ, რომელშიც შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედანი", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 14 მანდატი მოიპოვა.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, აცხადებენ რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს" ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.